დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 11:38 | 02.07.2026
ნანახია: 36

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (USMCA) ამჟამინდელი ფორმით გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია შეთანხმების ექვსწლიანი გადახედვის პროცესის დასრულების შემდეგ. ამის შედეგად, USMCA კიდევ 10 წლის განმავლობაში დარჩება ძალაში, თუმცა მას ყოველწლიურად გადახედავენ. თუ სამი ქვეყანა ამ პერიოდში შეთანხმების განახლებულ პირობებზე ვერ შეთანხმდება, მისი მოქმედება 10 წლის შემდეგ დასრულდება.

„შეერთებული შტატები არ დათანხმდა USMCA-ის მოქმედების ამჟამინდელი ფორმით გახანგრძლივებას... შესაბამისად, შეთანხმება არსებული პირობებით არ გაგრძელდა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას მექსიკასა და კანადასთან, რათა აღმოიფხვრას შეთანხმების ხარვეზები და შემცირდეს ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ამ ქვეყნებთან,“ - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა.

გრირის თქმით, უახლოეს დღეებში აშშ და მექსიკა გამართავენ USMCA-ის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს.

მოლაპარაკებების მთავარი თემები იქნება: ჩრდილოეთ ამერიკაში ავტომობილებისა და სხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოშობის წესების გამკაცრება; ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერება; მესამე ქვეყნების, განსაკუთრებით ჩინეთის, შესაძლებლობის შეზღუდვა, ისარგებლონ USMCA-ის ბაზარზე წვდომით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე