სამყარო რუსეთის გარეშე არ გვჭირდება - დმიტრი მედვედევი

საქართველო, თბილისი - 11:36 | 27.02.2023
ნანახია: 552

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ რუსეთის არსებობის საკითხი დადგება, იგივე საკითხი დადგება კაცობრიობის არსებობასთან დაკავშირებითაც.

ამის შესახებ ის რუსულ გამოცემა „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს.

„თუ სერიოზულად დადგება რუსეთის არსებობის საკითხი, ის მხოლოდ უკრაინის ფრონტზე არ გადაწყდება, არამედ მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის საკითხთან ერთად და აქ არანაირი ორაზროვნება არ იქნება. სამყარო რუსეთის გარეშე არ გვჭირდება“, - ამბობს მედვედევი.

მისი თქმით, რუსეთის მტრები დაკავებულები არიან „კიევის რეჟიმის“ იარაღით მომარაგებით და ხელს უშლიან შესაძლო მოლაპარაკებებს.

„ჩვენი მტრები დაკავებულები არიან სწორედ ამით, არ სურთ გაიგონ, რომ მათი მიზნები ტოტალურ ფიასკომდე მიგვიყვანს. ყველას დამარცხებამდე. კრახამდე. აპოკალიფსამდე. როდესაც წინა ცხოვრების დავიწყება საუკუნოდ მოუწევთ, ვიდრე არ შეწყდება რადიაციის გამოსხივება“, - ამბობს მედვედევი.

ამასთან, ის აცხადებს, რომ რუსეთი ამას არ დაუშვებს.

„დასავლეთის ქვეყნები სატელიტებთან ერთად პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტია. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ და უფრო ძლიერები. ჩვენი დიდი ქვეყნის მშვიდი ძალა და მისი პარტნიორების ავტორიტეტი არის მთელი მსოფლიოს მომავლის შენარჩუნების გასაღები“, - აცხადებს მედვედევი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე