ბერლინში მსოფლიოში ყველაზე დიდი აკვარიუმი გასკდა

საქართველო, თბილისი - 15:48 | 16.12.2022
ნანახია: 929

გერმანიაში, ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო Radisson Blu-ში მსოფლიოში ყველაზე დიდი ცილინდრული ფორმის აკვარიუმი AquaDom-ი გასკდა.

14 მეტრი სიმაღლის აკვარიუმში 1500 ტროპიკული სახეობის თევზი იყო მოთავსებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, შუშის ნამსხვრევებით, სულ მცირე, 2 ადამიანი დაშავდა. დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები. გავრცელებული ინფორმაციით, აკვარიუმი დაახლოებით მილიონ ლიტრ წყალს იტევდა, დაღვრილმა წყალმა კი ქუჩაში გაიტანა შენობაში მდგომი ავეჯი და ნივთები.

სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები. გადაკეტილია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია.

გავრცელებული ინფორმაციით, აკვარიუმს ორი წლის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე