ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები რუსეთს აფრთხილებენ, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვა ომის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს

საქართველო, თბილისი - 15:01 | 11.10.2022
ნანახია: 309

11-მა ევროპულმა სახელმწიფოს პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ და განაცხადეს, რომ ეს ომის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

ერთობლივი განცხადება მიიღეს ბულგარეთის, მონტენეგროს, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტებმა.

მათ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების მასირებული სარაკეტო დარტყმები, რომელიც საერთაშორისო სამართლის თანახმად, ომის დანაშაულია.

 „შეგახსენებთ, რომ ომის დანაშაულებს და დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა და ექვემდებარება სასამართლოების იურისდიქციას მთელ მსოფლიოში. ჩვენი ქვეყნების სახელით, მოვითხოვთ რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იერიში სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ“, - ნათქვამია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს.

მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მიუღებელია ბირთვული იარაღით მუქარა რუსეთის ხელისულების მხრიდან.

„ამ კონტექსტში ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და მოკავშირეები“, - ნათქვამია განცხადებაში.