აშშ უკრაინას შორი დისტანციის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის - NYT

საქართველო, თბილისი - 12:01 | 28.05.2022
ნანახია: 564

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, მომავალ კვირას გამოაცხადოს უკრაინისთვის შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების მიწოდების თაობაზე. იტყობინებიან New York Times-ი და Wall Street Journal-ი ანონიმურ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.

WSJ-ის ცნობით, საუბარია უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების (MLRS) გადაცემაზე, რომელთა მოქმედების რადიუსი ათეულობით კილომეტრით აღემატება უკრაინიის შეიარაღების არსებულ შესაძლებლობებს.

სავარაუდოდ, აშშ უკრაინას ასევე გადასცემს მაღალმობილურ საარტილერიო სარაკეტო სისტემა - HIMARS-ის გადასატან მანქანებს.

HIMARS-ის სატვირთო მანქანებს შეუძლიათ გადაიტანონ 6 GMLRS-ის რაკეტით ან ერთი უფრო დიდი მართვადი რაკეტით დატვირთული კონტეინერი და მოახდინონ სწრაფად გადაადგილება გასროლის შემდეგ. მას ასევე ძალუძს, მოწინააღმდეგეს ისეთივე ზიანი მიაყენოს, როგორიც საჰაერო დაბომბვისას.

NYT-თან საუბრისას, წყარო ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენ სისტემას გადასცემს აშშ-ის მთავრობა უკრაინას. მისივე თქმით, ახალი იარაღი უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება. ამასთან, უკრაინელ სამხედროებს დაახლოებით 1 კვირა დასჭირდებათ ამ იარაღის გამოყენების შესასწავლად.

პენგატონის სპიკერს ჯონ კირბის უკრაინისთვის შორი მოქმედების სარაკეტო სისტემების მიწოდების განზრახვა არ დაუდასტურებია.

გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ვაშინგტონი არ გადადგამს ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯს", - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში უარს ამბობდა უკრაინაში სისტემების გაგზავნაზე, რადგან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შიშობდნენ, რომ უკრაინამ, შესაძლოა, აღნიშნული სისტემები რუსეთის ტერიტორიაზე შეტევით ბრძოლებაში გამოიყენოს.


პოლიტიკა