დესნას დასახლებაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ნანგრევებში 87 ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 19:26 | 23.05.2022
ნანახია: 409

ჩერნიჰივის ოლქის დასახლება დესნაში რუსეთის არმიის მიერ 17 მაისს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ ნანგრევებში  87 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ გაწმენდითი სამუშაოები დავამთავრეთ დესნაში. სამწუხაროდ, სტატისტიკა ასეთია: დღეს დესნაში ნანგრევების ქვეშ 87 მსხვერპლია, 87 ცხედარი, მოკლული - ამ ადამიანების გარეშე იქნება უკრაინის მომავალი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ეკონომიკურ ფორუმს ვიდეოკავშირით ჩაერთო. მას რამდენიმე შეკითხვით მიმართეს. დესნას შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ შეკითვის პასუხად გააჟღერა, რომელიც უკრაინის მომავალს ეხებოდა.

ქალაქის ტიპის დასახლება დესნაში მუშაობს კიევის დიდი მთავრის იაროსლავ ბრძენის სახელობის 169-ე სასწავლო ცენტრი. ის კიევისა და ჩერნიჰივის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.

აღნიშნული დასახლებული პუნქტი ცეცხლის ქვეშ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე მოექცა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე