ყაზახეთის პრეზიდენტმა სამხედროებს დემონსტრანტების წინააღმდეგ გაუფრთხილებლად სროლის უფლება მისცა

საქართველო, თბილისი - 18:32 | 07.01.2022
ნანახია: 539

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა სამართალდამცველებსა და სამხედროებს „ტერორისტებისა“ და „არეულობებში“ მონაწილეების“ წინააღმდეგ გაუფრთხილებლად ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის უფლება მისცა. 7 იანვარს სატელევიზიო მიმარათვაში მან განაცხადა, რომ ქალაქ ალმათის თავს დაესხა „20 ათასი ბანდიტი“ და ქალაქის ხელისუფლებას უსაყვედურა, რომ „თავდახსმების“ აღკევთა დროულად ვერ მოახერხა.

თოყაევმა „სისულელე“ უწოდა „უცხოეთიდან“ მხარეებისადმი მოწოდებას, გამართონ მოლაპარაკებები პრობლემის მშვდობიანი გზით მოსაგვარებლად. „ყაზახეთის ხელისუფლება არ აპირებს მოლაპარაკებებს „მკვლელებთან და დამნაშავეებთან“, - აღნიშნა თოყაევმა.

მან უფლებადამცველები და დამოუკიდებლი მედია, ასევე უცხოელი, როგორც მან უწოდა „მოღვაწეები“ წამქეზებლობასა და უპასუხისმგებლო ქმედებებში დაადანაშაულა და მათ ქვეყანაში მიმდინარე მასობრივ პროტესტებზე პასუხისმგებლობა დააკისრა. თოყაევმა განაცხადა, რომ მისი განკარგულებით ცალკეულ რეგიონებში „გარკვეული დროებითი ინტერვალებით“ შეზღუდულია ინტერნეტი, მისი თქმით, ეს „დადებითად იმოქმედებს ქვეყნის მოსახლეობის სასიცოცხლო ფუნქციებზე.“

მან მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ყაზახეთში საჰაერო-სადესანტო ძალების გაგზავნისთვის.

შეგახსენებთ, ყაზახეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო. მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.

მწვავე პროტესტების ფონზე გადადგა ქვეყნის მთავრობა. ყაზახეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა ნურსულთან ნაზარბაევმა.

4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა. იუწყებიან, რომ შეტაკებებს ათეულობით დემონსტრანტი ემსხვერპლა, დაღუპულია 10-ზე მეტი პოლიციელი.

პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი თავდასხმა ყაზახეთზე განხორციელებული აგრესიის აქტად შეაფასა. ამასთან, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა. თოყაევმა ორგანიზაციას სამშვიდობო კონტიგენტის დროებით განთავსება სთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო. რუსეთმა მყისიერად უპასუხა ყაზახეთის პრეზიდენტის თხოვნას და სამშვიდობო ოპერაციის ეგიდით, ყაზახეთში სამხედროები გადაისროლა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე