ყაზახეთის ქალაქ ალმათში მმართველი პარტიის ერთ-ერთი ოფისი და გენერალური პროკურატურის შენობა იწვის

საქართველო, თბილისი - 13:57 | 05.01.2022
ნანახია: 417

ყაზახეთის ქალაქ ალმათში მმართველი პარტია Nur Otan-ის ერთ-ერთ ოფისი და გენერალური პროკურატურის შენობა იწვის. ამასთან, ჩამსხვრეულია შენობების ფანჯრები და კარები. ადგილზე ჯერჯერობით არ გამოჩენილან სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები.

მანამდე,

ათასობით დემონსტრანტმა, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმათის ცენტრალურ მოედანზე იყო შეკრებილი, გაარღვია პოლიციის კორდონი.

როგორც "რადიო თავისუფლების" ყაზახური სამსახური იტყობინება, დემონსტრანტები რეზინის ხელკეტებით შეიარაღდნენ და ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

როგორც იუწყებიან, ამ დროისთვის, მთელი შენობა დემონსტრანტებმა დაიკავეს. უცნობია, იმყოფებიან თუ არა შენობაში იქ მომუშავე ადამიანები.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამტვრეულია შენობის ფანჯრები და კარები. შენობას ცეცხლი უკიდია, ჩანს სახურავიდან ამომავალი კვამლის სვეტი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ყაზახეთში მთავრობა მასობრივი პროტესტის ფონზე გადადგა.

ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამ მომენტისთვის სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს ალმათის ცენტრში. სხვადასხვა ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა ამ დროისათვის 3 ათასს აჭარბებს. ძალოვანები დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებებს იყენებენ, მათ შორის ხმოვან ყუმბარებს. ყაზახეთის შსს-ს ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია 200-ზე მეტი დემონსტრანტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე