თალიბებმა ქალებს თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე შორ მანძილზე მოგზაურობა აუკრძალეს

საქართველო, თბილისი - 21:01 | 27.12.2021
ნანახია: 605

ავღანეთში თალიბების სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ ქალებს თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე აუკრძალა მოგზაურობა 72 კმ-ზე შორს. იუწყება  BBC.

სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ასევე ეკრძალებათ იმ ქალების წაყვანა, რომლებსაც სახე დაფარული არ ექნებათ. მძღოლებს ასევე აკრძალული აქვთ სალონში მუსიკის ჩართვა.

თალიბებმა ავღანეთში ძალაუფლება ხელში აგვისტოში ჩაიგდეს. მას შემდეგ ქვეყანაში ქალთა უფლებები უფრო და უფრო იზღუდება, მათ უფრო მეტად უკრძალავენ სწავლასა და მუშაობას. უმეტეს სკოლებში მასწავლებლებად მუშაობის უფლება მხოლოდ კაცებს აქვთ, სწავლის კი - მხოლოდ ბიჭებს. ნოემბერში ქალებს აეკრძალათ ტელეფილმებში გადაღება. ქალ ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს მუშაობის უფლება ჯერჯერობით ისევ აქვთ, თუმცა ვალდებული არიან თავსაბურავები ატარონ.

ახალი მთავრობა ამ აკრძალვებს დროებით უწოდებს და ამას იმით ხსნის, რომ ეს აუცილებელია გოგონებისა და ქალების უსაფრთხობისათვის მუშაობისა და სწავლის დროს. დეკემბერში თალიბებმა გამოსცეს ბრძანებულება ქალების უფლებების შესახებ და სასამართლოები დაავალდებულეს განიხილონ  ქალების პეტიციები, აგრეთვე აიკრძალა ქალების გათხოვება მათი ნების წინააღმდეგ და მათ მიენიჭათ უფლება მიიღონ გარდაცვლილი ნათესავების ქონების საწილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე