მე არ ვარ მკვლელი - სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმეზე მსჯავრდებული დუმილს არღვევს
საქართველო, თბილისი - 13:58 | 30.04.2018 ნანახია: 1316
„მე ვარ გიორგი ლიპარტელიანი და მე არ ვარ მკვლელი“, - ამ სიტყვებით დაარღვია ორწლიანი დუმილი გუდაურში სრიალიასას დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ლიპარტელიანმა. მან წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.
„გადავწყვიტე ორწლიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოვიღო და ყველას გავაგებინო იმ ცილისმწამებლური და უსამართლო კამპანიის შესახებ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ხორციელდება. უკვე რამდენიმე თვეა ქართული მედიასაშუალებებით გადაიცემა ტენდენციური და ცალმხრივი სიუჟეტები, სადაც მომიხსენიებენ მკვლელად, ნაძირალად და უპასუხისმგებლო ადამიანად.
ყოველთვის მჯეროდა იმის, რომ სასამართლო იყო დავის გადაწყვეტის და სიმართლის დადგენის ბოლო ინსტანცია. ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვინარჩუნებდი დუმილს და ვცდილობდი ღირსეულად შევხვედროდი ყველა განსაცდელს. მაგრამ დადგა დრო, როცა სიჩუმე უნდა დავარღვიო და დაწვრილებით მოგიყვეთ ჩემი საქმის ყველა დეტალი.
წინასწარ გთხოვთ მომიტევოთ ჩემი ზედმეტი ემოცია და აღელვება, რაც განპირობებულია იმითაც, რომ უკვე რამდენი ხანია ვხედავ და ვისმენ, თუ როგორ მლანძღავენ არა მხოლოდ მე, არამედ მთელ ჩემს ოჯახს, ჩვენ უკვე ვიქეცით დევნისა და საჯარო შეურაცხყოფის ობიექტებად.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დაახლოებით ორი წლის წინ ბრალი წამიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მიხედვით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს. თუმცა, წელიწადნახევრის მანძილზე მიმდინარე სასამართლო გამოძიების შემდეგ, საქართველოს საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო წაყენებულ ბრალში და ჩემს წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, დაღუპულის ოჯახი, მედია, არასამთავრობო სექტორი და ცალკეული პირები ყველანაირად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიმდინარე სააპელაციო სასამართლოზე ზეწოლის მოხდენას.
ყველაფერი 2016 წლის 10 იანვარს დაიწყო, დაბა-გუდაურში, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი. ისე მოხდა, რომ ტრასაზე სრიალისას ვერ დავიმორჩილე თხილამური, წავიქეცი და დავეცი თავით, რის შემდეგაც გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მანქანით წამიყვანეს თბილისში, როგორც შემდგომში გაირკვა, თავის მძიმე ტრავმით, უგონო მდგომარეობაში მომათავსეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა ოჯახმა გაიგო, რომ არსებობდა ეჭვები, თითქოს მე ვიყავი მონაწილე იმავე დღეს მომხდარი შეჯახებისა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 12 წლის სალომე ტატიშვილი. ეს ინფორმაცია მათთვის შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ ვინაიდან უკონტაქტო ვიყავი, ჩემგან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახლდათ. ამასთან, ჩემი ტრამვა და თვითმხილველი მეგობრები გავრცელებული ეჭვის საწინააღმდეგოს ადასტურებდნენ. დაკითხვები დაიწყო მანამ, სანამ მე გონზე მოვიდოდი და რაიმე ტიპის კონტაქტს შევძლებდი, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, როცა ფიზიკურად შევძელი, გამოძიებაზე მეც დამიბარეს და მოვყევი ყველაფერი, რაც მახსოვდა.
მე თავად განვაცხადე, რომ იმ ტრაგიკულ დღეს, დილით, ძალიან მცირე დოზით მივიღე ალკოჰოლური სასმელი. ამ ფაქტს ხაზი განსაკუთრებით მინდა გავუსვა, რადგან დღემდე ყველანი: პროკურატურა, დაღუპულის ოჯახი, მედია და არასამთავრობო სექტორი - ყველაზე მეტად სწორედ იმ ფაქტზე აპელირებენ, რომ, თითქოსდა, მე მთვრალი ვიყავი. ეს ასე არ არის! და... რაც მთავარია, ეს ინფორმაცია მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრების წყალობით გახდა ცნობილი პროკურატურისთვის, თორემ ალკოჰოლის დოზა იმდენად მცირე იყო, რომ სისხლის სამედიცინო ექსპერტიზამ სისხლში ალკოჰოლის არსებობა არ დაადასტურა. თავად განსაჯეთ - ეს ფაქტი აჩვენებს თუ არა ჩემი და ჩემი მეგობრების პატიოსნებას და ობიექტური რეალობის დადგენის სურვილს.
გამოძიების პროცესში ჩემს ტანსაცმელს, სათხილამურო ეკიპირებას, გარდაცვლილის ტანსაცმელს, მის ეკიპირებას და შემთხვევის ადგილზე არსებულ ყველა მონაკვეთს ჩაუტარდა ათამდე ექსპერტიზა, რომელთაგანაც არცერთი არ ადასტურებს ჩემი და გარდაცვლილის შეხებას. ეს ყველაფერი საქმის მასალებში წერია და მისი განხილვა პროკურატურას სადაოდ არასდროს არ გაუხდია.
სიმართლით დაინტერესებულ საზოგადოებას უნდა ვუთხრა ისიც, რომ მე დაბარებული ვიყავი საქართველოს პროკურატურაში, სადაც მივიღე შემოთავაზება ხელი მომეწერა განრიდების დოკუმენტებზე, რაც იმავე წუთიდან გამათავისუფლებდა ყოველნაირი პასუხისმგებლობისაგან. განრიდების შემოთავაზების მიზეზი იყო ის, რომ ბრალის წაყენების მომენტში ვიყავი 19 წლის და არსებული მუხლი მიეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. პროკურატურა მოითხოვდა ხელი მომეწერა საბუთზე, რომელიც ბრალის აღიარების სანაცვლოდ მთავაზობდა ჩემს წინააღმდეგ ყოველგვარი სამართლებრივი დევნის შეწყვეტას. მე იმ მომენტში ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ამ შემოთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში წინ მელოდა სასამართლო პროცესები. თუმცა, მაინც მტკიცე უარი განვაცხადე, რადგან უპირველესად, მინდოდა ობიექტური გამოძიების გზით გარკვეულიყო და დამტკიცებულიყო ჩემი სიმართლე და ამასთან ერთად, მჯეროდა საქართველოს მართლმსაჯულების.
ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო მოსმენები, რომელთან ერთადაც მე გავიზარდე: საქმის დაწყებისას ვიყავი 19 წლის და საქმის დასასრულს 22 წელს ვუახლოვდებოდი. ამ პერიოდში მოვისმინეთ უამრავი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მოწმის ჩვენება, დაიკითხნენ სამთო-სათხილამურო სპორტში გათვითცნობიერებული ადამიანები, ტრასაზე იმ დროს მყოფი ბავშვები და ზრდასრულები. გამოქვეყნდა ექპერტიზის დასკვნები და მოვისმინეთ პროკურორის ბრალდებები.
ყველა მოწმე ერთხმად აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილას დაიღვარა უამრავი სისხლი, გამოიკვეთა შეჯახების სავარაუდო სურათიც. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ჩემი სისხლი სალომეს ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა, არც ჩემს ტანსაცმელზე - სალომეს სისხლი. და საერთოდ, საავადმყოფოში მიყვანისას არანაირი ჭრილობა, მოტეხილობა ან სხვა ტიპის დაზიანება არ მქონია, რაც შესაძლო შეჯახებას აუცილებლად უნდა გამოეწვია, ერთადერთი გახლდათ თავის მძიმე ტრავმა, რომელიც მივიღე მხოლოდ და მხოლოდ დაცემის მომენტში.
უამრავი სასამართლო პროცესის ჩატარების და მტკიცებულებათა შეჯამების შემდეგ მოსამართლემ გამოაცხადა განაჩენი და უდანაშაულოდ მცნო წარდგენილ ბრალდებაში.
როგორც წესი, ცივილიზებულ სამყაროში ყველა ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც დაფიქსირებულია ყველა ქვეყნის სახელმწიფოებრივ აქტში და არის სისხლის სამართლის ძირითადი პრინციპი, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა - საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი ტელევიზიის ეთერში გადაიცა სიუჟეტები, სადაც მე მომიხსენიებდნენ, როგორც მკვლელს, მიწოდებდნენ ნაძირალას, აჩვენებდნენ ჩემს ფოტოებს და განიხილავდნენ ჩემს პირად ცხოვრებას. მათი განცხადებით, მე, თითქოსდა პრაღაში ამ უბედური შემთხვევის შემდეგ გამაპარეს მშობლებმა მაშინ, როდესაც, სინამდვილეში, მე აქ ინციდენტამდე ორი წლით ადრე ჩამოვედი სასწავლებლად და სამუშაოდ.
აქვე მინდა ვუპასუხო ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გამოთქმულ კიდევ ერთ უსამართლო ბრალდებას, რაზეც თითქმის ყველა წერს და საუბრობს... კერძოდ, თუ რატომ არ მივიდნენ ჩემი ოჯახის წევრები ბოდიშის მოსახდელად სალომეს ოჯახში. მსურს განვმარტო - ერთი, რომ მათ თავს უფლება ვერ მისცეს ჩემს მაგივრად მოეხადათ ბოდიში, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავდა იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი და რომელშიც საფუძვლიანად ეპარებოდათ ეჭვი და თან, იურიდიულად, დაზარალებულ მხარესთან ნებისმიერი სახის კონტაქტი შეიძლება ჩათვლილიყო მოლაპარაკების მცდელობად და ძიების შემაფერხებელ დამამძიმებელ გარემოებად. ხოლო რაც შეეხება ამ ბრალდების მორალურ მხარეს და ჩვენს დადანაშაულებას უგულობასა და მომხდარის მიმართ გულგრილობაში, ამაზე პასუხის გაცემა და განმარტებაც კი მიჭირს, რადგან ღმერთია მოწამე იმ გულწრფელი წუხილისა და განცდებისა, რაც მე და ჩემს ოჯახს გვქონდა და გვაქვს მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო, უბრალოდ, ზოგჯერ სიტყვები უძლურია გრძნობის გადმოსაცემად.
რაკი ოჯახი ვახსენე, ისიც მინდა ვთქვა, რომ მე უკვე სერიოზულად მაღელვებს თბილისში მყოფი ჩემი ოჯახის ბედი, მადარდებს მათი უსაფრთხოება. სოციალურ სივრცეში ჩვენს წინააღმდეგ გავრცელებული კომენტარები და სიძულვილის ენა გასცდა ყოველგვარ ფარგლებს. ზოგიერთი ჩემს სიცოცხლეს დაუფარავადაც კი ემუქრება. აი, ამიტომ მე აღარ მაქვს გაჩუმების უფლება" - წერს ლიპარტელიანი წერილში.
ცნობისთვის, გუდაურში, სრიალისას დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო.
ლიპარტელიანს სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს, 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.
სალომე ტატიშვილს 2016 წლის 10 იანვარს გუდაურში, სრიალისას, თხილამურებზე მდგომი 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი დაეჯახა. მოზარდი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა, თავად ლიპარტელიანმა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ტატიშვილის გაურთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული, ლიპარტელიანი 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო.
პოლიტიკა
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
- გასაკვირი არაა ის ორმაგი სტანდარტები, რასაც ბოლო წლებში ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ვხედავთ - კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშზე
- დიღომში, მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად, 25 წლის კაცი დაიღუპა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- პუტინი თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკრაინას, რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმებისთვის Tomahawk-ები უნდა გადაეცეს - ლინდსი გრემი
- უკრაინამ რუსეთში, ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომს დაარტყა, დაზიანდა სუ-30 და სუ-27 ტიპის გამანადგურებლები [ვიდეო]
- მოსკოვში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, დაიღუპა რუსეთის გენშტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















