სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს -„ქვევრის სახლი“- მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 17:08 | 15.09.2016
ნანახია: 1412

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში, იყალთოს მონასტერთან ახლოს,  ქვევრის  სკოლა-სახელოსნოს აშენებს. პროექტის მიზანია საქართველოში ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა-შენარჩუნება და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო - ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. სკოლა-სახელოსნოში ასევე განთავსადება მუზეუმი, სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება. შეიქმნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფე.  ტურისტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ და თავად დაამზადონ თიხის ჭურჭელი. 

პროექტით გათვალისწინებულია წყალსადენი სისტემის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელექტროგაყვანილობის, გათბობისა და გაგრილების,  ვენტილაციის და გაზმომარაგების სისტემების დამონტაჟება.  გარდა ამისა, დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა. 

მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სოციალურ-ეკონომიური სიტუაციის გამუმჯობესებას.  გარდა ამისა,   მშენებლობის პროცესში 70-ზე მეტი ადამიანია  დასაქმებული.

 სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების ხელობა, რაც ხელს შეუწყობს უძველესი ტრადიციების შენაჩუნებას. პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი  აქვს მინიჭებული.  ქვევრის სახლის მშენებლობის დასრულება  2016 წლის შემოდგომაზე იგეგმება .

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე