აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
- საზოგადოება
- 04.11.2026
- 18:32
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად, დემოკრატებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს. ამით რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაკარგა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დარტყმაა.
Reuters-ის ინფორმაციით, დემოკრატებმა სენატში რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული შვიდი ადგილი გადაიბარეს. მათ გაიმარჯვეს მეინში, აიოვაში, კანზასში, ოჰაიოში, ტეხასში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში.
წინასწარი მონაცემებით, სენატში დემოკრატებს 53 ადგილი აქვთ, რესპუბლიკელებს კი - 41. დანარჩენი ექვსი ადგილის შედეგები ამ დროისთვის საბოლოოდ დადგენილი არ არის.
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, დემოკრატებმა უმრავლესობისთვის საჭირო 218 მანდატი მოიპოვეს და რესპუბლიკელებს კონტროლი ჩამოართვეს. ხმების დათვლა ცალკეულ საარჩევნო ოლქებში კვლავ გრძელდება.
Reuters-ის ცნობით, დემოკრატების წარმატებას ხელი შეუწყო ამომრჩეველთა უკმაყოფილებამ ცხოვრების გაძვირების, ირანთან ომისა და ხელისუფლებაში კორუფციის საკითხების გამო. ეგზიტპოლების თანახმად, ამომრჩეველთა თითქმის 90%-მა ცხოვრების ღირებულება საკუთარ არჩევანზე მნიშვნელოვან ან გადამწყვეტ ფაქტორად დაასახელა.
კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვება დემოკრატებს საშუალებას მისცემს, გააძლიერონ ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის საპარლამენტო ზედამხედველობა, ჩაატარონ გამოძიებები და გავლენა მოახდინონ საკანონმდებლო პროცესზე.
დემოკრატების გამარჯვების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს მიიღებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების დამარცხება პირადად მის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ შეფასებად არ მიაჩნია.