ბელგრადში ზეიმია - ალექსანდარ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
- მსოფლიო
- 26.10.2026
- 01:37
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი განცხადებით, არჩევნებში "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა.
მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, "სტუდენტური სია" პარლამენტში 135-დან 140-მდე მანდატს მოიპოვებს, ხოლო მმართველი სერბეთის პროგრესული პარტია - დაახლოებით 105-ს. ამის შესახებ Reuters წერს.
„საბოლოო შედეგები ჯერ არ გვაქვს, თუმცა წინასწარი მონაცემების საფუძველზე ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთის პარლამენტში სულ 250 ადგილია, მთავრობის ფორმირებისთვის კი მინიმუმ 126 მანდატია საჭირო. შესაბამისად, წინასწარი შეფასების დადასტურების შემთხვევაში, სტუდენტების მიერ მხარდაჭერილ მოძრაობას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობა ექნება.
არჩევნები თითქმის ორწლიანი სტუდენტური საპროტესტო გამოსვლების ფონზე გაიმართა. პროტესტი 2024 წელს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევას მოჰყვა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. სტუდენტები კორუფციაზე პასუხისმგებელი პირების დასჯასა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმას მოითხოვდნენ.
არჩევნებში აქტივობა მაღალი იყო. Ipsos-ისა და CeSID-ის შეფასებით, ადგილობრივი დროით 19:00 საათისთვის ამომრჩეველთა 67.6%-ს ჰქონდა ხმა მიცემული - ეს მაჩვენებელი 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების ბოლო აქტივობასაც აღემატებოდა. კენჭისყრის დღეს დამკვირვებლებმა საარჩევნო დარღვევებისა და ცალკეულ უბნებზე ძალადობის შემთხვევებიც დააფიქსირეს.