აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
- მსოფლიო
- 11.10.2026
- 17:05
ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მკვლელის მხარეს დადგა“, როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა.
ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
შტრაკ-ციმერმანმა ტრამპი გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის გადადგომისკენ მოწოდების გამო და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელის არჩევის უფლება მხოლოდ უკრაინელ ხალხს აქვს.
„როდესაც ტრამპი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს, ის ცალსახად მკვლელის მხარეს დგება. უკრაინის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები იღებენ თავისუფალი არჩევნების გზით და არა თეთრი სახლი და მით უმეტეს - კრემლი“, - ხაზგასმით აღნიშნა შტრაკ-ციმერმანმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს, ხოლო მისმა მსხვერპლებმა სათანადო მხარდაჭერა უნდა მიიღონ.
ევროპარლამენტარის შეფასებით, ტრამპი მოკავშირეებზე თავდასხმებით დასავლეთს ასუსტებს და დემოკრატიას აზიანებს. შტრაკ-ციმერმანის განცხადებით, ევროპა აშშ-ს, როგორც პარტნიორს ვეღარ დაეყრდნობა და უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
„მოკავშირეებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მორიგი თავდასხმებით ტრამპი დასავლეთს ასუსტებს და დემოკრატიას ზიანს აყენებს. ასე ფიქრობს ბევრი ამერიკელიც. ამიტომ ევროპამ მტკიცედ უნდა შეინარჩუნოს მკაფიო კურსი და მხარი დაუჭიროს უკრაინას, რადგან აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის ომის დასრულება არ სურს და აღნიშნა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს“.