ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
- მედიცინა
- 07.10.2026
- 18:17
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 29-30 სექტემბერს უზბეკეთში, ქ. უზბეკეთში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ორგანიზებით გაიმართა რეგიონული სამუშაო შეხვედრა აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაძლიერების საკითხებზე.
მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდა თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი აკაკი აბუთიძე, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს გამოცდილება და მიღწევები გაუზიარა აივ ინფექციის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხანგრძლივი მოქმედების ინექციური მედიკამენტის- ლენაკაპავირის დანერგვას აივ ინფექციის პრევენციისთვის.
„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ ინოვაციურ მიდგომას დანერგავს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აივ/შიდსის სამსახური რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა – თანამედროვე პრევენციული მიდგომების დანერგვის, ინოვაციების ათვისებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“, – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციაში.
ლენაკაპავირი (Lenacapavir) არის ხანგრძლივი მოქმედების ანტირეტროვირუსული პრეპარატი, რომელიც მოქმედებს HIV-1-ის კაფსიდზე და ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას. აივ-ინფექციის მკურნალობაში: გამოიყენება სხვა ანტირეტროვირუსულ პრეპარატებთან ერთად, განსაკუთრებით მკურნალობისადმი რეზისტენტული HIV-ის დროს. აივ-ინფექციის პრევენციაში (PrEP): ინექციური ლენაკაპავირი გამოიყენება HIV-ისგან დასაცავად და კეთდება 6 თვეში ერთხელ.
ინექცია აივ-ინფექციას არ კურნავს; მკურნალობისას ვირუსის გამრავლებას თრგუნავს, ხოლო PrEP-ის შემთხვევაში ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) აივ-ინფექციის პრევენციის პრეპარატი 2025 წელს დაამტკიცა.