png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება. ირღვევა ევროკონვენციის მე-18 მუხლი - ომბუდსმენის დასკვნა

  • სამართალი
  • 07.12.2022
  • 17:39
ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება. ირღვევა ევროკონვენციის მე-18 მუხლი - ომბუდსმენის დასკვნა

სახალხო დამცველის შეფასებით ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება - ომბუდსმენმა სააპელაციო განაჩენის შესწავლა დაასრულა და დასკვნას ასაჯაროებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი - ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით. 

ომბუდსმენის აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებები, არამედ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ნიკა გვარამიას მისამართით და ქვეყანაში არსებული მედია გარემოს ანალიზი.

"საქართველოს სახალხო დამცველმა დაასრულა ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენის შესწავლა და მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით). აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების და საქმის მასალების შესწავლა, არამედ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ნიკა გვარამიას მისამართით (პატიმრობამდე და პატიმრობის შემდგომ), ასევე ქვეყანაში არსებული მედია გარემოს ანალიზი.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორატიული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს. 

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლის  ორ (ე.წ. რეკლამის და მანქანის) ეპიზოდში, სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. 

ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით  ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას ბრალდების მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. რაც შეეხება, ე.წ. მანქანის ეპიზოდს, სახალხო დამცველმა 2022 წლის 8 ივნისს გამოაქვეყნა საქმის შემოწმების შედეგები და მიუთითა, რომ ამ ნაწილშიც არ დასტურდებოდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და ასევე საკვანძო ფაქტობრივი გარემოებები სათანადო დასაბუთებული შეფასების გარეშე რჩებოდა.  გარდა ამისა, დაუსაბუთებლად შევაფასეთ ასევე, პირველი ინსტანციის განაჩენით შეფარდებული სასჯელი. მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზებით განხორციელების გამო, სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების მიზნით მიმართა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა შეიცვალა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით. დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი პირველი ინსტანციის განაჩენის მსგავსად არ შეიცავდა დასაბუთებებს ძირითად და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო ყველა ჩვენი შენიშვნა და შეფასება კვლავ აქტუალურია. 

გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარე აპელირებდა კონვენციის მე-18 მუხლზე, საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეში ეს საკითხიც შეისწავლა. პოლიტიკოსების განცხადებების, ქვეყანაში არსებული მედია გარემოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებების გათვალისწინებითა და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მართლმსაჯულება არსებითი ხარვეზებით განხორციელდა, ხოლო  თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ იქნა გამოყენებული, ნათლად ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ კანონიერ მიზანს პოლიტიკური მიზანი გადაწონის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა. სახალხო დამცველის აღნიშნული შეფასება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს. 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ და მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების მექანიზმი ნიკა გვარამიასთან მიმართებით. 

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მეორედ ხდება ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ქმედების შეფასება. პირველი ესეთი შემთხვევა იყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე“, -  ნათქვამია ომბუდსმენის დასკვნაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge