გიგა ავალიანს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა

საქართველო, თბილისი - 17:16 | 05.07.2016
ნანახია: 2171

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვიცე-პოლკოვნიკ გიგა ავალიანის მეუღლესა და ქალიშვილს უმასპინძლა. თინათინ ხიდაშელი პატარას გაესაუბრა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და აცნობა, რომ მამას, მაიორ გიგა ავალიანს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

33 წლის ვიცე-პოლკოვნიკი გიგა ავალიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1999 წლიდან მსახურობს.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: გენერალ მაზნიაშვილის, გენერალ კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები და მედალი „ლომგული“. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო – ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი კი ISAF-ის მისიაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის გადაეცა.

გიგა ავალიანი 9 წლის იყო, როდესაც აფხაზეთი დატოვა, როგორც თავად ამბობს, სწორედ, ამ ფაქტმა განაპირობა მისი არჩევანი - ემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამჟამად, ვიცე-პოლკოვნიკი გიგა ავალიანი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში მსახურობს.

მას მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი ყავს.
სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებთან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.



პოლიტიკა