ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:37 | 20.07.2026
ნანახია: 69

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხო წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესწევს იმის ძალა, რომ მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის მიერ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები.       

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება არის მზად და აბსოლუტურად გამჭვირვალე მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის. 

„რა თქმა უნდა, აღნიშნულ წერილს ვაფასებთ პოზიტიურად. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით.

ჩვენ   ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს სანქციები, რომლებიც დაწესდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ამ სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. უბრალოდ, ეს იყო შანტაჟისა და მუქარისთვის გაკეთებული.

დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის  ხელმძღვანელობით, ვფიქრობ, შესწევს იმის ძალა, რომ  ეს უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც იყო ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ძალიან მარტივად შეცვალოს. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნისა და ორივე ხალხის, როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე