ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში ქართველი ერის შიგნით, სხვა ქვეყნებთან, მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:52 | 24.03.2026
ნანახია: 32

ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს. ღირებულებების თვალსაზრისით, სხვადასხვა სამყაროში ვართ. ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში თბილისში, ქართველი ერის შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს: „ევროპის სახალხო პარტიის“ სამმა წევრმა კვლავ მოითხოვა მედიასაშუალებების დასანქცირება, მათ შორის „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, პოსტივის“. რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?“

პაპუაშვილის შეფასებით, ამ სამ პოლონელ დეპუტატთან ქართველ ხალხს საერთო არ აქვს.

„ისინი „ევროპის სახალხო პარტიის“ და პოლონეთის სახელისუფლო პარტიის წევრები არიან. ამ კონტექსტში რომ გავერკვეთ – „ევროპის სახალხო პარტია“ ის გაერთიანებაა, რომელიც ყრილობების დროს მიხეილ სააკაშვილის ცარიელ სკამს დგამს ხოლმე. ეს არის მათი ღირებულებითი სტანდარტი, რაც დიქტატორის მხარდაჭერას გულისხმობს. პოლონეთის მთავრობა ის მთავრობაა, რომელმაც ინიცირება გაუკეთა ე.წ. მოსკოვის მექანიზმს და მასთან დაკავშირებული, მისგან დაფინანსებული პირი ექსპერტად ჩასვა. მოგვიანებით, ვნახეთ, როგორი ტექსტიც შედგა – ის სავსეა საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამებით. პოლონეთის მთავრობის ანტიქართულ პოლიტიკაში გასაკვირი არაფერია. შეგახსენებთ, თავის დროზე, სააკაშვილთან პოლონეთის მთავრობის ექიმები იყვნენ, რომელთაც რაღაც ნიმუშები წინდებით გაჰქონდათ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დემოკრატიის მამოძრავებელ ძალას ეძახის დიქტატორ სააკაშვილს, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა.

ევროპარლამენტის ჯგუფებზე როცა ვსაუბრობთ, ქართველ ხალხს მათთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს. ეს ცხადად გამოჩნდა. ღირებულებების თვალსაზრისით, სხვადასხვა სამყაროში ვართ. მათთან არანაირი საერთო არ გვაქვს. ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში თბილისში, ქართველი ერის შიგნით და სხვა ქვეყნებთან, ხალხებთან მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით. რა გვაქვს საერთო ამ სამ პოლონელ დეპუტატთან, რომელთაც არაფერი ესმით, პატივს არ სცემენ დემოკრატიას, სუვერენიტეტს? ისინი პატივს არ სცემენ არც ჩვენს მწუხარებას და არაფერს ქართულს. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დღევანდელ ფორმაში ევროკავშირი ევროპა არ არის თავისი ღირებულებებით. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხალხთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ გვაქვს. ევროპულ ღირებულებებს აცდნენ, განუდგნენ ევროპულ ცივილიზაციას და თავი დააყენეს ყველა იმ ღირებულების მიღმა, რაზეც ქართველი ხალხი დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პოლიტიკა

სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე