ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს

საქართველო, თბილისი - 17:23 | 22.03.2026
ნანახია: 30

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია დილიდან მიმდინარეობდა. ტაძარში წირვა 09:00 საათზე დაიწყო. სამების ტაძარში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს პირველი, რომელმაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.

მსახურების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსიდან და დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და სიონის ტაძრამდე სამგლოვიარო პროცესია გაიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.

სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე