სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
საქართველო, თბილისი - 12:54 | 09.10.2025 ნანახია: 802
საქართველოს პროკურატურამ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და შეიჭრნენ ეზოში.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავდროულად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა დაკავებულმა – კობა ეპიტაშვილმა პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საბა კორძაიამ კი წესრიგის აღსადგენად მობილიზებული სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით ასევე დაიდენტიფიცირებულია ზემოაღწერილი დანაშაულებრივი ქმედების – ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნანა სანდერი.
„იგი სოციალური ქსელის გამოყენებით, აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ორგანიზებას და ძალადობისკენ მოწოდებას, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირთა საჭირო ეკიპირებისა და აღჭურვილობის შესაძენად ფულადი სახსრების მობილიზებას, ასევე გასცემდა მითითებებს სამართალდამცავების წინააღმდეგ ეფექტურად დაპირისპირებისთვის საჭირო გარემოებებთან დაკავშირებით. იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული თუ მსჯავრდებული პირების განთავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულების შენობების საჯარო მოსამსახურეებისაგან დაცლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი როგორც ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორი ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს, 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის ანგარიშსწორება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 7 და 8 ოქტომბერს დააკავეს.
კობა ეპიტაშვილს და საბა კორძაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გოჩა ყატაშვილს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს და გიორგი კირვალიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნანა სანდერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს პროკურატურაში.
უწყებაში ასევე განმარტეს, რომ პროკურატურა დაკავებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ასევე, ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 13 პირი, რომლებსაც ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინათ. ცამეტივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
ფოტო: Mose
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















