პროკურატურამ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 12:06 | 06.10.2025 ნანახია: 127
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგენილია, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს.
„კერძოდ: ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს. იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა არამართლზომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ.
პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის. მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ. აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობე, განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებისა და ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, ხოლო მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით.
„საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 4 ოქტომბერს უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებული სპეციალური ღონისძიებებისთვის“, – განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
პოლიტიკა
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია
- AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
- ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
სამართალი
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
- ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება