ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
საქართველო, თბილისი - 19:37 | 08.05.2024 ნანახია: 5515
ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკასთან დაკავშირებით გაიმართა.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ ხდება შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება.
ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად- თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.
ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.
განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.
ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.
ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















