მაჩალიკაშვილების სარჩელი სტრასბურგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველო, თბილისი - 15:21 | 19.01.2023 ნანახია: 563
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 19 იანვარს გამოქვეყნდა, სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურულ ნაწილში (მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებების არასათანადო გამოძიება) დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), თუმცა კოლეგიის წევრი მოსამართლეების უმრავლესობის აზრით, ამავე მუხლის არსებითი ნაწილი, რაც უშუალოდ იმას ეხება, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, არ დარღვეულა.
ამ საკითხზე ერთმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა და დაწერა, რომ მისი შეფასებით დაირღვა კონვენციის მეორე მუხლი როგორც პროცედურულ, ასევე არსებით ნაწილებშიც.
რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), რომელზეც მოსარჩელეები დავობდნენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ განიხილა, კონვენციის მე-13 მუხლთან დაკავშირებით (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) კი განაცხადა, რომ არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილის გნახილვის აუცილებლობა.
სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 10 000, გაღებული ხარჯებისთვისკი დამატებით 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სარჩელი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით გაგზავნა. სარჩელში ორგანიზაცია დავობდა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს.
ოჯახის წევრები ასევე დავობდბენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო. დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის დარღვევას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიება იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში ჩატარდა დაკავების ოპერაცია, დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა პირველადი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ იქნა ჩატარებული და არა პროკურატურის.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დელეგირება პროკურატურაზე რამდენიმე საათში მოხდა, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ის ეყრდნობოდა მაჩალიკაშვილის საძინებლის ჩხრეკას და სუს-ის გამომძიებლების მიერ ამოღებულ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილი არ დაილუქა და ნივთების გადაადგილება მოხდა, რამაც კონკრეტული შედეგი იქონია გამოძიებაზე. შესაბამისად, ვერ მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობის განსაზღვრა გასროლის მომენტში.
ამასთან, სასამართლო უთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხა, სუს-ის ოფიცრების დაკითხვის 5 კვირით დაგვიანებამ ხელი შეუწყო ადეკვატურობის ნაკლებობას გამოძიებაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ დამოუკიდებელი თვითმხილველები არ არსებობდნენ. ამასთან, სასამართლოს განცხადებით, ოპერაციის მართვასა და დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირების დაკითხვას 20 თვე დასჭირდა.
გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლომ გამოავლინა არაერთი პროცედურული გადახრა, განსაკუთრებით, არასრულყოფილი პირველადი გამოძიების ნაწილში, თუ როგორ იყო ამოღებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაგვიანებული გამოკითხვებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის გამო, ოჯახმა ვერ შეძლო პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრება გამოძიების შეწყვეტის თაობაზე.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტური გამოძიების წარმართვა და დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა.
რაც შეეხება მე-2 მუხლის შინაარსობრივ ნაწილს, სასამართლომ განაცხადა, რომ შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს, თუ როდის არის გამართლებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების მიერ ლეტალური ძალის გამოყენება, იმ მომენტისთვის არსებობდა.
ამასთან, სასამართლო უთითებს, რომ ოპერაცია ჩატარდა ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიების ფარგლებში და გაიზიარა მთავრობის არგუმენტი, რომ არსებობდა მოლოდინი თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან შეიარაღებულ წინააღმდეგობას შესაძლო გაწევის შესახებ. სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი არ იქნა არავითარი დოკუმენტი რომელიც ოპერაციის დაგეგმვასა და მსვლელობას ეხებოდა და აღნიშნავს, რომ ოპერაციის დაგეგმვისას, რომელშიც უამრავი შეიარაღებული ოფიცერი მონაწილეობდა და მიზნად ისახავდა პოტენციურად შეიარაღებული ტერორისტის დაკავებას, კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ვერ უზრუნველყო ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის ყოფნა.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ კრიტიკული შეკითხვა შეეხებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მოქმედებას იმ მომენტში, როცა მის საძინებელში ოფიცრები შევიდნენ:
„იმ დროს, როცა გამოძიებამ დაადგინა, რომ სუს-ის ოფიცერმა რეაგირება მოახდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ხელყუმბარის აღებაზე, რადგანაც მიიჩნია, რომ არსებობდა დაუყოვნებლივი საფრთხე, და თავში გასროლა განახორციელა, მაჩალიკაშვილის ოჯახი ამბობდა, რომ დაღუპულს ყურსასმენები ეკეთა და დიდი ალბათობით ამ დროს მობილურ ტელეფონს იყენებდა“, – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ვერსია შესაძლებელი იყო, თუმცა თავად ვერ შეაფასებდა ნაწილობრივ იმის გამო, რომ ზუსტი გარემოებების დადგენის მიზნით ადგილობრივ დონეზე სამართლებრივი შეფასება არ განხორციელებულა.. გამომდინარე აქედან, სასამართლომ მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად, რომ ითქვას: თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. შესაბამისად, შინაარსობრივ ნაწილში სასამართლომ მე-2 მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილ სარჩელში არ იყო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თემირლანის ოჯახმა იმაზე დიდი სტრესი და შფოთვა მიიღო, ვიდრე ეს ამგვარი ოპერაციისასაა მოსალოდნელი.
მე-13 მუხლთან დაკავშირებით კი სასამართლო აცხადებს, რომ განცალკევებულად საჩივრის ამ ნაწილის განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან ის იკვეთება კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან, რომელთან დაკავშირებითაც უკვე იმსჯელა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება
გადაწყვეტილება უკვე შეაფასა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“. ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რადგანაც მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური:
„სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი, ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა;
ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო“ ,- ნათქვამია ორგანიზაციის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა.
ამასთანავე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლთან დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო:
„ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















