გიორგი კვირიკაშვილი: მადლობას ვუხდით ევროპარლამეტარებს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის
საქართველო, თბილისი - 17:38 | 22.01.2016 ნანახია: 1551
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობას უხდის.
ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში პრემიერი აღნიშნავს, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია.
„განსაკუთრებით ვაფასებთ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის დადასტურებას ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად.
ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის ჩვენი პროგრესული ურთიერთობების საბოლოო ეტაპი და კიდევ ბევრის მიღწევა შეგვიძლია ამ მიმართულებით.
მადლობას ვუხდით ევროპარლამეტარებს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის. როგორც ევროკომისიის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ზოგიერთი მიმართულებით კი გასცდა დადგენილ მოთხოვნებს. ველით, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ასევე, მეტ შესაძლებლობას მისცემს ბიზნესსაზოგადოებას, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
გიორგი კვირიკაშვილი ასევე მადლიერებას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისათვის, რაც ასახულია სხვადასხვა რეზოლუციაში და კიდევ ერთხელ დადასტურდა.
„მე სრულად ვიზიარებ ევროპარლამენტის მოწოდებას, ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წინაშე ჩემი პირველი გამოსვლისას, სწორედ მსგავსი განცხადებით მივმართე როგორც მმართველ კოალიციას, ისე - ოპოზიციას და ამ პრინციპის ერთგული დავრჩები. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში და ვიმედოვნებთ, რომ ოპონენტები გამონახავენ ჩვენთან თანამშრომლობის გზებს ისეთ ძირითად საკითხებზე, რომლებიც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის.
ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია 2016 წლის არჩევნების თავისუფალ, ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ჩვენი დემოკრატიის სიმწიფეს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
გიორგი კვირიკაშვილი განცხადებაში ასევე ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელთა ძირითად პრიორიტეტს სასამართლო სისტემის, მათ შორის, მთავარი პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა წარმოადგენს.
„ოთხეტაპიანი სასამართლო რეფორმის მიზანი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზება, გამჭვირვალობის გაზრდა, საზოგადოებისა და მედიისათვის სასამართლო სხდომების გასაჯაროების გზით და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შემოღება. რაც შეეხება რეზოლუციაში პროკურატურასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პრობლემატურ საკითხებს, მათ შორის ანგარიშვალდებულებისა და შერჩევითობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე განხორციელდა შესაბამისი ძალისხმევა.
2015 წლის შემოდგომაზე პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ჩამოყალიბდა გენდერულად დაბალანსებული, 15-წევრიანი საპროკურორო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია კოლეგების მიერ არჩეული პროკურორებით და საკანონმდებლო, სასამართლო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობისას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, კომისიის ექსპერტთა მიერ შემუშავებული 37 რეკომენდაციიდან 35 გაითვალისწინა.
ანალოგიურად, წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, გატარებული რეფორმის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შემთხვევებში, დაინერგა ხშირი, პერიოდული და ავტომატური სასამართლო განხილვები. ამასთანავე, 9 თვემდე შეიზღუდა წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რომლის გახანგრძლივება ახალი ბრალდების წაყენების შემთხვევაშიც შეუძლებელი გახდა.
რეფორმების წარმატებით განხორციელებისა და სამართლებრივი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, მოსამართლეებმა თავიანთი მოვალეობები ხელისუფლების ან ოპოზიციის ზეწოლის გარეშე უნდა განახორციელონ. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება საზოგადოებისა და სამართალმცოდნეთათვის საკამათო გახდა. სპონტანური სახის საპროტესტო აქციები საკონსტიტუციო სასამართლოსა და რამდენიმე მოსამართლის საცხოვრებელი ადგილის წინ ჩატარდა. საქართველოს მთავრობამ შეძლო კანონის სათანადოდ აღსრულების, მოსამართლეთა უსაფრთხოების, ისევე როგორც მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
გიორგი კვირიკაშვილი ასევე საუბრობს მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმზე და აღნიშნავს, რომ ეს ღირებულებები, რომლებიც დემოკრატიის მთავარ საყრდენს წარმოადგენს, 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის პრიორიტეტია.
„ამჟამად, საქართველოში მედიასივრცე ისეთივე თავისუფალია, როგორც ბევრ სხვა შემდგარ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვსარგებლობთ პლურალისტური მედიაგარემოთი, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური ჩარევისგან. რაც შეეხება სატელევიზიო არხ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავას, რომელმაც წარმოშვა გარკვეული კითხვები ქართულ საზოგადოებაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ შელახულიყო კანონიერი საკუთრების უფლება, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, და სასამართლო პროცესი ყოფილიყო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან.
იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა განაგრძოს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგი და კვლავაც დარჩეს ჩვენს მტკიცე მხარდამჭერად“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
პოლიტიკა
- ზურაბ ჯაფარიძის დაკავება არაპროპორციული ზომაა და მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას, ეს არის საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური - დიდი ბრიტანეთის საელჩო
- სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის საელჩოში იყო, არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის საელჩო რელევანტურ განცხადებას გააკეთებს - გია ვოლსკი
- თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი პაველ ჰერჩინკის ხვდებიან
- ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს - - ალეკო ელისაშვილი ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე
სამართალი
- ვარკეთილში მიკროავტობუსი, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი მართავდა, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა და დააზიანა
- პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ივნისიდან ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
- ბრიტანეთში კირ სტარმერთან დაკავშირებული უძრავი ქონების დაწვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
- ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა კიდევ 400 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
- მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, როგორ გავიდეს ომიდან - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
- „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს