სტრასბურგის სასამართლომ საქმის − „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − დასაშვებობის განხილვა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 16:11 | 09.12.2017 ნანახია: 1323
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის − „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − დასაშვებობის განხილვა 2017 წლის 28 ნოემბერს დაიწყო“, − ნათქვამია სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის წერილში. საქმეში ოთხი მომჩივანია: 1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“; 2. შპს „ტელეკომპანია საქართველო“; 3. ლევან ყარამანიშვილი; 4. გიორგი ყარამანიშვილი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო თავის წერილში საქართველოს მთავრობას კითხვებს უსვამს თითოეულ მომჩივანთან მიმართებით. მოცემულ საქმეზე „რუსთავი 2“ პირველი მომჩივანია და მასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო, სხვებს შორის, განიხილავს საკითხს − შეიძლება თუ არა, კომპანია დაზარალებულად ჩაითვალოს და ამოწურა თუ არა მან შიდა გასაჩივრების გზები, ვიდრე ევროპულ სასამართლოს მიმართავდა.
კერძოდ, სასამართლოს კითხვებია:
1. მას შემდეგ, რაც ქ. ხ.-მ 2016 წლის 7 ივნისს უკან გაიხმო პირველი მომჩივნის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი, ამ უკანასკნელმა ძირითად საქმეში (საკუთრების დავა) აშკარად დაკარგა მოპასუხის სტატუსი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც გავლენას ახდენდა მის ინტერესებზე, გაქარწყლდა (იხილეთ ფაქტობრივი გარემოებების 137-ე პარაგრაფში ციტირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლი). ამ გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა პირველი მომჩივანი განხილულ იქნეს დაზარალებულად და ამოწურა თუ არა მან გასაჩივრების შიდასამართლებრივი ყველა საშუალება სარჩელის უზრუნველყოფის პროცედურებთან დაკავშირებული მე-6, მე-10, და მე-18 მუხლების, აგრეთვე, პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე მისი მრავლობითი სასარჩელო მოთხოვნის მიზნებისთვის, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 34-ე მუხლი და 35-ე მუხლის პირველი პუნქტი?
1.1 ამასთან დაკავშირებით, შიდა კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელი იყო თუ არა მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ 2015 წლის 5 აგვისტოს ბრძანების გასაჩივრება მაშინ, როდესაც ძირითად საქმეში პირველი მომჩივანი არ იყო მხარე?
1.2 პირველმა მომჩივანმა ითხოვა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე - 92-ე მუხლების საფუძველზე ძირითად საქმეში (საკუთრების დავა) მესამე პირად ჩართვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ან უზენაეს სასამართლოში?
2. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სამოქალაქო ნაწილში შეიძლება თუ არა გამოყენებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან მიმართებით (იხ. Micallef v. Malta [GC], 17056/06, §§ 83-86, ECHR 2009)?
2.1 დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები წარიმართა თუ არა სათანადო პროცედურული სამართლიანობის დაცვით კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ?
2.2 კერძოდ, პირველი მომჩივნის შესაბამისი ბრალდებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მოსამართლე თ.უ. (პირველი ინსტანციის სასამართლოში), უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ.თ. იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი?
3. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცედურებში დაირღვა თუ არა პირველი მომჩივნის გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით, მისი უფლება, რომ გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები კონვენციის მე-10 მუხლის საწინააღმდეგოდ?
3.1. კერძოდ, შეიძლება თუ არა დადასტურებული კავშირი არსებობდეს სარჩელის უზრუნველყოფის პროცედურებსა და სახელმწიფოს მხრიდან პირველი მომჩივნის სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის სავარაუდო მცდელობას შორის? „რუსთავი 2“-ის აქტივებზე ყადაღის დადება, რაც, სავარაუდოდ, მისი ფინანსური მდგრადობის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია, წარმოადგენს თუ არა არხის თავისუფლებაში ჩარევას − გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები?
4. იყო თუ არა „რუსთავი 2“-ის აქტივებზე ყადაღის დადება პირველი მომჩივნის საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში ჩარევა პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს ჩარევა იყო თუ არა აუცილებელი საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისთვის?
4.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე და 1991-ე მუხლების გათვალისწინებით, იყო თუ არა „რუსთავი 2“-ის აქტივებზე ყადაღის გაგრძელება კანონიერი მას შემდეგ, რაც ის აღარ წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს საქმეში?
5. პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ბუნების გათვალისწინებით, კერძოდ, რაც შეეხება ამ დებულებით გათვალისწინებული პირდაპირი ან ნაგულისხმევი შეზღუდვების საკითხს, შეიძლება თუ არა მე-18 მუხლის გამოყენება ამ უკანასკნელ დებულებასთან მიმართებით?
5.1. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის პროცედურებთან დაკავშირებით, რა მიზანსა თუ მიზნებს ისახავდა ხელისუფლება კონვენციის მე-10 მუხლისა და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ სავარაუდოდ დაწესებულ შეზღუდვებთან მიმართებით? უფრო კონკრეტულად, განსხვავდებოდა თუ არა რომელიმე მიზანი ამ უკანასკნელი დებულებით დაშვებული შეზღუდვის მიზნებისგან? რომელი იყო ძირითადი, თუ ხელისუფლება ერთზე მეტ მიზანს ისახავდა? დაირღვა თუ არა მე-18 მუხლი კონვენციის მე-10 მუხლთან ან პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში?
დანარჩენ მომჩივნებთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ ნახოთ აქ.
საქართველოს მთავრობამ მოცემულ კითხვებს 2018 წლის 29 მარტისთვის უნდა უპასუხოს. მთავრობის პასუხები და არგუმენტები მომჩივნებს გადაეგზავნებათ და, სასამართლოს რეგლამენტის 28-ე მუხლის შესაბამისად, კონტრარგუმენტების წარსადგენად სექციის თავმჯდომარის მიერ რამდენიმეკვირიანი ვადა განესაზღვრებათ. ყოველივე ამის შემდეგ ევროპული სასამართლო იმსჯელებს საჩივრის დასაშვებობაზე თითოეული მომჩივნის ნაწილში და გადაწყვეტს, რომელ გარემოებებსა და რომელ კონკრეტულ მომჩივანთან უნდა გააგრძელოს საქმის არსებითი განხილვა.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















