რძის ფხვნილზე შემჯდარი საქართველო
საქართველო, თბილისი - 09:41 | 14.06.2016 ნანახია: 4781
საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში რძის ფხვნილის წილი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მართალია, მისგან მიღებული ნაწარმი მავნე არ არის, თუმცა არც სასარგებლოა. პრობლემას მცენარეული ცხიმი წარმოადგენს, რომელსაც რძეს, ხაჭოს, არაჟანს თუ სხვა ნაწარმს ცხიმიანობის გასაზრდელად უმატებენ. მცენარეული ცხიმი კი შეიცავს ტრანს-იზომერებს, იგივე ტრანს-ცხიმებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით 100 გრამ პროდუქციაში ტრანს-ცხიმების გამოყენება 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. მიუხედავად ამისა, დღემდე საქართველოში მათი შემცველობა პროდუქტებში ნორმირებული არ არის. ტრანს-ცხიმების ნორმირების რეგლამენტი ძალაში მხოლოდ 2017 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა. როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის განყოფილების უფროსი ზურაბ ცქიტიშვილი აცხადებს, იმ პერიოდიდან 100 გრამ პროდუქტში ტრანს-ცხიმის ნორმა 2 გრამი იქნება, ბავშვთა კვებაში კი საერთოდ აიკრძალება.
რძის ფხვნილის გამოყენება დიდი სისწრაფით იზრდება საქართველოში ფურების დაბალპროდუქტიულობის გამო, რძის ფხვნილის იმპორტი მუდმივად მზარდია. მატულობს წარმოებაში მისი წილიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 5,697.3 ათასი დოლარის ღირებულების 1,5%-იანი ცხიმის შემცველობის რძის ფხვნილი და გრანულები შემოვიდა. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 28%-ით აჭარბებს. 2015-ის იანვარ-აპრილში 4,454.0 ათასი დოლარის ღირებულების 1,5%-იანი ცხიმის შემცველი რძის ფხვნილის იმპორტი განხორციელდა. რძის ფხვნილის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები კი, ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, უკრაინა, ლიტვა, ირანი და ბელგიაა.
ისეთი რძის ფხვნილი თუ გრანულები, სადაც ცხიმის შემცველობა 1,5%-ზე მეტია, წლებია უკვე საკმაოდ მცირე ოდენობით შემოდის. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები, ძირითადად, დაბალცხიმიან რძის ფხვნილს იყენებენ და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მას ცხიმის მოსამატებლად მცენარეულ ცხიმს უმატებენ. ეს უკანასკნელი ტრანს-ცხიმებს შეიცავს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა.
რძის ფხვნილის წილი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოებაში მუდმივად იზრდება. მეწარმეს ფხვნილით პროდუქციის წარმოება იაფი უჯდება, რძე კი ძვირია. მაგალითად, ფერმერულ მეურნეობაში ერთი ლიტრი ნედლი რძე, საშუალოდ, 1 ლარი ღირს. იმ ფერმებში კი, სადაც უცხოური ჯიშის მაღალპროდუქტიული ფურებია, რძის ცხიმიანობაც მაღალი, ერთი ლიტრის ფასი 1,2 ლარს შეადგენს. ერთი კილოგრამი ყველისთვის საჭიროა დაახლოებით 8 ლიტრი რძე, ანუ საშუალოდ 8-10 ლარის. თუ ამას წარმოების პროცესს და შემდეგ რეალიზაციას დავუმატებთ, ერთი კილოგრამის ყველის საშუალო ფასი არა 6 ლარი, რაც დღეს ღირს, არამედ მინიმუმ 10-12 ლარი უნდა იყოს.
ზურაბ ცქიტიშვილი ამბობს, რომ საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში რძის ფხვნილის წილი 80%-ს შეადგენს.
"ზაფხულშიც და ზამთარშიც რძის ფხვნილის წილი რძის პროდუქტების წარმოებაში, დაახლოებით, 80%-ს შეადგენს. ზაფხულში, როდესაც წველადობა იმატებს, რძის ფხვნილის გარკვეული რაოდენობა, რაც ზამთარში რძის პროდუქტებზე იხარჯებოდა, ნაყინის წარმოებაში გადადის. ნაყინის სეზონის დასრულების შემდეგ, ისევ სხვა პროდუქტებისთვის გამოიყენება და ასე ბრუნავს.
რაც შეეხება კონკრეტულად ყველს, მის მოსამზადებლად სპეციალურ ფხვნილს იყენებენ. ჩვეულებრივი რძის ფხვნილით იმერული ყველის ამოყვანა შეუძლებელია. თუ გააკეთებ, ვერ გაყიდი, რადგან იფშვნება. ერთადერთი სულგუნია, რომელიც ამ ფხვნილისგან ვერ კეთდება", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მავნეა თუ არა რძის ფხვნილი?
სპეციალისტები ამბობენ, რომ რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტი მავნე არ არის, თუ რა თქმა უნდა, წარმოებაში არ იყენებენ მცენარეულ ცხიმს, რომელიც ტრანს-ცხიმებს შეიცავს.
ზურაბ ცქიტიშვილის თქმით, როდესაც რძის ფხვნილს იყენებ წარმოებაში, მომხმარებელი დაზღვეულია ცხოველური დაავადებებისგან, როგორიცაა ბრუცელოზი და ა.შ. რადგან რძის ფხვნილის წარმოებისა რძე მაღალ ტემპერატურაზე შრება და მავნე ნივთიერებაც კვდება: "მაგრამ, მეორე მხრივ, ნატურალური თვისებები დაკარგული აქვს რძის ცილას და მისი სარგებლიანობა, რა თქმა უნდა, ძალიან დაქვეითებულია.
რძის ფხვნილი არის ორი სახის: ერთი - ცხიმიანი, მეორე - უცხიმო. თუ უცხიმო რძე იყიდეს, შემდეგ ცხიმიანობის მოსამატებლად იაფფასიანი მცენარეული ცხიმი შეჰყავთ. მცენარეულ ცხიმში შედის ტრანს-ცხიმი, რაც ყველაზე მავნე ნივთიერებაა, რაც კი არსებობს. ნატურალურ რძეში არსებული ტრანს-ცხიმი არ არის მავნე, ის არის ბუნებრივი, მაგრამ როცა მცენარეულ ცხიმს იყენებ, რომელიც ჰიდროგენიზირებული გზით არის მიღებული, მაშინ იქ წარმოიქმნება ტრანს-ცხიმები. ის არის ძალიან საშიში და საბოლოო ჯამში, იწვევს სისხლძარღვების დაავადებას და შემდგომ უკვე სიკვდილიანობას", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ზურაბ ცქიტიშვილმა.
მარტო 2015 წელს საქართველოში 20 ათასი ტონა მცენარეული ცხიმი შემოვიდა, რაც მთლიანად რძის საწარმოებში გადანაწილდა და შემდეგ ის მოხდა არაჟანსა და ნაყინში.
"მცენარეული ცხიმი არის სიკვდილის ფორმულა, თუკი მასში ტრანს-ცხიმის მოცულობა გარკვეულ რაოდენობას აღემატება. ის მცენარეული ცხიმი, რომელიც მიღებულია ჰიდროგენიზაციის შედეგად, არის ტრანს-ცხიმი. მცენარეულ ცხიმში, რომელიც მიღებულია პერეეთერიფიკაციის შედეგად, არ არის ტრანს-ცხიმი, მაგრამ პერეეთერიფიკაცია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჰიდროგენიზაცია და ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, იყენებენ მას", - ამბობს ცქიტიშვილი.
აქვე სპეციალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში რძის მწარმოებელ ზოგიერთ კომპანიას შემოაქვს ისეთი მცენარეული ცხიმი, სადაც ტრანს-იზომერის რაოდენობა არის 1%, რაც სრულებით მისაღებია, რადგან მისი სხვა ნივთიერებაში გაზავება ხდება.
"უკვე დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ცხიმებში დადგინდეს ტრანს-იზომერის შემცველობის ნორმა და მისი მეშვეობით განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი. ახლა კი მთავრობამ გაითვალისწინა ეს მოთხოვნა და ახალი დადგენილება მიიღო. ახალი რეგლამენტით, რომელიც 2017 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდება, წარმოებაში ტრანს-ცხიმების გამოყენების ნორმა 100 გრამში 2 გრამი იქნება, ხოლო ბავშვთა კვებაში ტრანსიზომერის საერთოდ განულება მოხდება. ამ ინიციატივის გათვაალისწინებისთვის მადლობა მინდა გიორგი კვირიკაშვილს და დიმიტრი ქუმსიშვილს გადავუხადო", - დასძინა ცქიტიშვილმა.
მომხმარებელთა უფლებადამცველი მადონა კოიძე ამბობს, რომ წარმოებაში რძის ფხვნილის გამოყენება არ ნიშნავს ფალსიფიკაციას და ის ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს. პრობლემას მცენარეული ცხიმი წარმოადგენს, სადაც უცნობია, თუ რა რაოდენობით ტრანს-ცხიმია გამოყენებული.
"რძის ფხვნილი ეს არის წყალგამოცლილი რძე და როდესაც წყალს დაუმატებენ, ის ხდება ჩვეულებრივი საღი რძე, იგივე ნატურალური პროდუქტი და არაა მავნე. ერთადერთი ცუდია, თუკი არის მასთან ერთად გამოყენებული მცენარეული ცხიმი. თუკი რძის პროდუქტში ცხიმის პროცენტულობის გასაზრდელად დამატებულია მცენარეული ცხიმი, ეს არის ფალსიფიცირება და მომხმარებლის მოტყუება. თანაც, თუკი ამ მცენარეულ ცხიმში ტრანს-ცხიმის ოდენობა ნორმაზე მაღალია, ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა", - განაცხადა კოიძემ.
რაც შეეხება კონკრეტულად ტრანს-ცხიმებს, ამასთან დაკავშირებით "ბიზნეს-რეზონანსი" უკვე წერდა. ამჯერად მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, თუ რამდენად მავნეა ტრანს-ცხიმები და ტრანს-იზომერები. როგორც თსუ ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, პროფესორი რამაზ გახოკიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, ისინი წარმოქმნიან თრომბებს, იწვევენ გულის იშემიურ დაავადებას, მიოკარდის ინფარქტს, შაქრიან დიაბეტს, სარძევე და წინამდებარე ჯირკვლების კიბოს.
მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევებით დადგინდა, რომ ტრანს-ცხიმები იწვევს: დედის რძის ხარისხის გაუარესებას და ძუძუთა ბავშვებზე ამ ცხიმების გადაცემას; პათოლოგიურად მცირე წონის ბავშვთა დაბადებას; საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ბლოკირებას და მეტაბოლიზმის დარღვევას; გასუქებას; ყოველგვარი ანთებითი პროცესის პროვოცირებას; ფერმენტ ციტოქრომ-ოქსიდაზის მუშაობის დარღვევას. აღნიშნული ფერმენტი საკვანძო როლს ასრულებს მავნე ქიმიური ნივთერებების, კანცეროგენების და ზოგიერთი წამლის (ქსენობიოტიკები) გაუვნებლებაში; იმუნიტეტის დასუსტებას; მამაკაცის ჰორმონის - ტესტოსტერონის დონის შემცირებას და სპერმის ხარისხის გაუარესებას და, აქედან გამომდინარე, უშვილობას; სტრესების მიმართ გამძლეობის მკვეთრად დაქვეითებას.
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
პოლიტიკა
- სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, ვინც „ოცნების“ ბოროტმოქმედების თანაზიარია, მოუწევს„ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა - გრიგოლ გეგელია
- წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას - აშშ-ის საელჩო
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
- ლუკა კურტანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
- სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც, ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს - ანდრო ჭიჭინაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება