კატოვიცეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურისტული პოტენციალის დემონსტრირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 22.03.2016
ნანახია: 1527

რეგიონის ტურისტული პოტენციალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "Katowice International Fair - GLOB 2016"  წარადგინა. გამოფენაზე დეპარტამენტის წარმომადგენელი სილეზიის სავოევოდოს  სპეციალური მოწვევით 18- 20 მარტს იმყოფებოდა. პოლონეთის სილეზიის სავოევოდოსთან დამეგობრებულ რეგიონებთან ერთად აჭარის სტენდზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გასცნობოდნენ და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ. დეპარტამენტი პოლონეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მეოთხე წელია მონაწილეობს.

„პოლონეთი აჭარის რეგიონისათვის ერთ-ერთი პირველი და  მსხვილი  ტურისტული ბაზარია ევროპაში, საიდანაც ტურისტული ნაკადი აჭარაში ყოველწლიურად მზარდია. 2013 წლიდან დღემდე რეგიონს 40 000-მდე პოლონელი ტურისტი სტუმრობდა. გასულ წელს რეგიონში  პოლონელი ტურისტების 2,8% ზრდა დაფიქსირდა, რაც  13 979 ტურისტს გულისხმობს. მიმდინარე წელს, პოლონეთში ჩვენ უკვე ორ ტურისტულ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და ნოემბერში ვგეგმავთ ვარშავის საერთაშორისო გამოფენაზეც წარვდგეთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე