ბათუმის მერია „ა(ა)იპ „ბათუმის ბულვარს“ დააფუძნებს

საქართველო, თბილისი - 15:55 | 26.02.2016
ნანახია: 1628

ბათუმის მერია „ა(ა)იპ „ბათუმის ბულვარს“ დააფუძნებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ უკვე მიიღო. როგორც ბათუმის საკრებულოში განმარტავენ, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმის მერს მიეცა თანხმობა არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა დააფუძნოს „ა(ა)იპ „ბათუმის ბულვარი”.

ამავე განკარგულების მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ევალება 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს „ბათუმის ბულვარისთვის“ შესაბამისი ასიგნებები.

აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მერიის მართვაში გადაცემის თაობაზე.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდა აჭარის მთავრობის პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებასა და ინტერესებს. სწორედ ამ ინტერესების დასაცავად და საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ბათუმის ბულვარი სამართავად ქალაქის მერიას გადაეცემა.

როგორც რეგიონის მთავრობაში განმარტავენ, 2016 წელი იქნება ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, რომელიც გულისხმობს ქალაქის მერიის მიერ შერჩეული მენეჯმენტით ბულვარის მართვას. 2017 წლიდან კი მერიამ უნდა გამონახოს ფინანსური რესურსები და ბიუჯეტის ფორმირების დროს გაითვალისწინოს ბულვარის მოვლის ხარჯები.

"11 მილიონი ლარი, რომელიც გამოყოფილია რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ჩვეულებრივ დაიხარჯება ბულვარის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის. ახალი მენეჯმენტი, რომელიც მერიაზე იქნება დაქვემდებარებული, გადაწყვეტს რესურსების გამოყენების მიმართულებებს" - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე